1.1 წინამდებარე ნასყიდობის წესები და პირობები მოიცავს შპს „ფრეშ კულინარ“-სა (შემდგომში -„გამყიდველი“) და მესამე პირებს (შემდგომში – „მყიდველი“) შორის ნასყიდობის საგნის (შემდგომში – „საქონელი“) შეძენასთან დაკავშირებით არსებულ ნებისმიერ განფასებას, შეთავაზებას და შეთანხმებას, თუ მხარეებს შორის წერილობით სხვა არ იქნება შეთანხმებული.
1.2 თუ წინამდებარე ნასყიდობის წესებისა და პირობების რომელიმე დებულება ეწინააღმდეგება მყიდველსა და გამყიდველს შორის წერილობით გაფორმებული შეთანხმების რომელიმე დებულებას (გარდა ზოგადი პირობებისა), აღნიშნული დებულება ჩაითვლება ბათილად. ამასთან, ნასყიდობის წესებისა და პირობების სხვა დებულებები უცვლელად რჩება ძალაში.
1.3 გამყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ნასყიდობის წესები და პირობები, რომელიც ძალაში შედის მყიდველის მიერ მისი გაცნობისთანავე.
2.1. მყიდველსა და გამყიდველს შორის საქონლის შეძენის შესახებ შეთანხმება შესაძლებელია შედგეს ნასყიდობის ხელშეკრულების, ინვოისის, სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე.
2.1.1. ნასყიდობის შეთანხმება
2.1.1.1. ნასყიდობის შეთანხმება მხარეთა შორის გაფორმებულად მიიჩნევა იმ დროიდან, როცა მყიდველი დაეთანხმება გამყიდველის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას და მხარეები გააფორმებენ შესაბამის შეკვეთას, გარდა იმ შემთხვევისა თუ გამყიდველი შეკვეთის გაფორმებამდე ან მყიდველის მიერ თანხმობის გამოთქმისთანავე არ გააუქმებს აღნიშნულ შეთავაზებას. გამყიდველის შეთავაზება თავისთავად არ წარმოქმნის რაიმე სახის ვალდებულებას და მისი წარდგენა და მასზე დათანხმება შესაძლებელია განხორციელდეს წერილობითი ან ზეპირი ფორმით.
2.1.1.2. მყიდველმა შესაძლებელია მიიღოს შეკვეთის დასტური, რომელშიც მითითებული იქნება საქონლის რაოდენობა, ხარისხი, ფასი და შეფუთვის ფორმა. თუ ფორმდება ხელშეკრულება, შეკვეთის დასტური მყიდველმა შესაძლებელია მიიღოს საქონლის მიწოდებისას ან მის შემდეგ.
2.1.1.3. თუ გაყიდული საქონლის ფასი იმაზე ნაკლებია, რისი გადახდაც მყიდველს გამყიდველთან გაფორმებული ნასყიდობის შეთანხმებით უწევს, მყიდველი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს შეთანხმებულ ტარიფზე ფასდაკლება.
2.1.1.4. გამყიდველი არაა ვალდებული შეასრულოს ისეთი შეკვეთა, რომლის ფასიც ბეჭდვითი ან წერილობითი შეცდომის შედეგად ნასყიდობის შეთანხმებაში აშკარად არასწორადაა განსაზღვრული.
2.1.1.5. შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით. თუ შეთანხმებაში მყიდველის მიერ მოთხოვნილი ცვლილება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, აღნიშნულის გადახდის ვალდებულება ეკისრება მყიდველს.
3.1. მყიდველისთვის გაკეთებულ შეთავაზებაში, სატენდერო წინადადებაში ან შეთანხმებაში მითითებული საქონლის ფასები არ მოიცავს ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეულ ხარჯებს და ასევე სხვა ხარჯებს თუ აღნიშნულ შეთავაზებაში, სატენდერო წინადადებაში ან ნასყიდობის შეთანხმებაში სხვა რამ არ იქნება განსაზღვრული. აღნიშნული ხარჯები მოიცავს საქონლის შეფუთვის ხარჯს, გადაზიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯს, ტვირთმზიდების ხარჯს, დაზღვევის ხარჯს (თუ გამყიდველი დააზღვევს ტვირთს), დამატებითი ღირებულების გადასახადს და სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ნებისმიერ სხვა გადასახადს. გამყიდველი ვალდებულია მყიდველს რეგულარულად აცნობოს აღნიშნული ხარჯების ოდენობა.
3.2. გამყიდველი უფლებამოსილია პროპორციულად დააკისროს მყიდველს იმაზე მეტი ხარჯი, ვიდრე მხარეთა შორის იყო შეთანხმებული, თუ აღნიშნული ხარჯი 5%-ზე (ხუთ პროცენტზე) მეტად გაიზარდა იმპორტის გადასახადის, დამატებითი ღირებულების გადასახადის, კანონით განსაზღვრული სახელფასო მინიმუმების ან სხვა სახელმწიფო გადასახადების მატების გამო.
4.1. საქონლის მიწოდება ხორციელდება გამყიდველის კუთვნილ რომელიმე ობიექტზე, თუ გამყიდველი და მყიდველი ხაზგასმით მიწოდების სხვა ობიექტზე არ შეთანხმდებიან. მყიდველი ვალდებულია შეძენილი საქონელი ჩაიბაროს შეთანხმებულ დროსა და შეთანხმებულ ობიექტზე (ან ობიექტებზე).
4.2. თუ მყიდველი არ ჩაიბარებს საქონელს მიწოდების ობიექტზე დათქმულ დღეს, გამყიდველი უფლებამოსილია მყიდველის ხარჯზე დაასაწყობოს, გაყიდოს ან გაანადგუროს საქონელი და აღნიშნული ხარჯების გადახდა დააკისროს მყიდველს.
4.3. თუ მყიდველისთვის განკუთვნილი საქონელი გამყიდველის მიერ ან გამყიდველის დავალებით დასაწყობდა გამყიდველის ან მესამე პირის საწყობში, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდება განხორციელდა საქონლის დასაწყობების დღეს.
4.4. მყიდველი არ არის უფლებამოსილი გააუქმოს შეთანხმება ან/და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება თუ საქონლის მიწოდების შეფერხება არ სცდება გონივრულ ვადებს.
4.5. გამყიდველი ვალდებულია მყიდველთან შეთანხმებულ დღეს განახორციელოს საქონლის მიწოდება. თუ შეთანხმება ეხება მიწოდების განხორციელებას რამდენიმე დღის განმავლობაში, გამყიდველი ვალდებულია ორგანიზებულად აწარმოოს საქონლის დისტრიბუცია თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული.
4.6. გამყიდველს არ ეკისრება პასუხისმგებლობა თუ საქონლის მიწოდება ვერ ხერხდება შეთანხმებულ დღეს მისგან ობიექტური მიზეზით ან ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის გამო. თუ მიწოდება შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის საჭიროა გარკვეული პირობების შეცვლა, მიწოდება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი და გამყიდველი შეცვლილი პირობების თაობაზე წერილობით შეთანხმდებიან.
5.1. საქონელი რაოდენობრივად და წონით უნდა შეესაბამებოდეს მხარეთა შეთანხმებას და მოქმედ კანონმდებლობას, თუკი მყიდველს დასაბუთებულად არ ექნება სხვა მოთხოვნა.
5.2. თუ შეძენა განხორციელდა საქონელის ნიმუშის საფუძველზე, მიწოდების მომენტში მოხდება საქონელის არჩევითი შემოწმება და მისი თვისობრივი შედარება ნიმუშთან, რომლის დროსაც 5.1. პუნქტის დებულება არ უნდა იქნეს მხარეთა მიერ უგულებელყოფილი. ნიმუშის საფუძველზე შეძენის განხორციელებისას მყიდველი პასუხისმგებელია ნიმუშის შემოწმებაზე. საქონელის ხარისხის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამყიდველის მიერ წინასწარ წარმოდგენილ ხარისხობრივ აღწერილობას. თუ ეს შესაძლებელია, გამყიდველი ვალდებულია შეინახოს ნიმუში მყიდველის მიერ ამ ნიმუშის საფუძველზე შეძენილი საქონელის უპრეტენზიოდ ჩაბარებამდე.
5.3. გამყიდველი განსაზღვრავს მყიდველის მიერ შეძენილი საქონელის რაოდენობას, ხარისხობრივ დონეს, ზომას და წონას. საქონლის ხარისხის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამყიდველის მიერ წინასწარ წარმოდგენილ ხარისხობრივ აღეწრილობას. აღნიშნული დეტალები ინვოისში (ფაქტურაში) უნდა იყოს მითითებული. გამყიდველის მიერ წარმოდგენილი თვისობრივი აღწერილობა სავალდებულო ხასიათისაა ორივე მხარისთვის, თუკი სხვა რამ არ იქნა დასაბუთებულად განსაზღვრული. მყიდველს გადაეცემა ინვოისის (ფაქტურის) ასლი ან კომპიუტერულ მონაცემთა ბაზიდან მიღებული სასაქონლო ზედნადები.
5.4. როცა საქონელის მარაგი არაა საკმარისი იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს თითოეული მყიდველის მოთხოვნა ნასყიდობის შეთანხმების ფარგლებში, გამყიდველი არსებულ ნაშთს გონივრულობის ფარგლებში გაანაწილებს, რა დროსაც მას უფლება აქვს შესთავაზოს მყიდველებს (თითოეული კატეგორიის) საქონელის არსებული ნაშთიდან 25% (ოცდახუთი პროცენტი).
5.5. კონტრაქტი, რომელიც ეხება საქონელის მიწოდებას მწარმოებელი კომპანიიდან, ითვალისწინებს მხოლოდ იმ რაოდენობისა და ხარისხის საქონელის მიწოდებას, რომელიც მწარმოებელ კომპანიას შეთანხმებულ დღეს ექნება ხელმისაწვდომი. მყიდველი ვალდებულია საქონელის მიწოდებისას ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს. თუ მწარმოებელ კომპანიას შეთანხმებული დღისთვის არ ექნება საკმარისი რაოდენობის საქონელი, გამყიდველს შეუძლია მყიდველთან შეთანხმებით შეკვეთა შეავსოს მსგავსი კატეგორიის ან ხარისხის სხვა საქონელით.
5.6. მიუხედავად ზომა, ხარისხსა და ფერში უმნიშვნელო სხვაობის არსებობისა, ჩაითვლება რომ მიწოდებული საქონელი აკმაყოფილებს მხარეთა შორის შეთანხმებულ პირობებს.
6.1. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული დებულებები ეხება იმ შემთხვევას, როცა გამყიდველი მყიდველს საქონელს აწვდის CPS-ტარით, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული.
6.2. საქონელის CPS-ტარით მიწოდებისას მყიდველი ვალდებულია გამოყოს სადეპოზიტო თანხა. გამყიდველი არ გასცემს რაიმე დამატებით გარანტიას საქონელის CPS-ტარით მიწოდებისას.
6.3. CPS-ტარი რჩება გამყიდველის ან იმ მესამე პირის საკუთრებად, რომლისგანაც ის გამყიდველს დროებით სარგებლობაში აქვს მიღებული. მყიდველს ეკრძალება გამყიდველისგან მიღებული ცარიელი CPS-ტარი სარგებლობაში გადასცეს სხვა მესამე პირებს. მყიდველი ვალდებულია CPS-ტარი მხოლოდ გამყიდველისგან შეძენილი საქონელის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენოს.
6.4. მყიდველი ვალდებულია ღია სატრანსპორტო საშუალებებში CPS-ტარის დასაცავად გამოიყენოს დამცავი საშუალებები. გამყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონელის CPS-ტარით მიწოდებაზე, თუ მყიდველი საქონელის ღია სატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვისას არ გამოიყენებს დამცავ საშუალებებს. საქონელის CPS-ტარით ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას დაუშვებელია ჩანგლიანი ავტოკარის გამოყენება.
6.5. მყიდველი ვალდებულია მისცეს გამყიდველს ან მის მფლობელს CPS-ტარის მდგომარეობის შემოწმების საშუალება.
6.6. თუ მყიდველის მიერ დაბრუნებულ CPS-ტარს დაბინძურების აშკარა ნიშნები აქვს, ან მასში ჩარჩენილია ქაღალდის, ბოსტნეულის ან სხვა სახის ნარჩენები, გამყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ტარის მიღებაზე ან გასუფთავების ხარჯი დააკისროს მყიდველს. მყიდველი პასუხს აგებს ჩაბარებულ CPS-ტარის დაკარგვის, დაზიანების, დაბინძურების და მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს მყიდველის მიერ CPS-ტარისთვის გამოყოფილი სადეპოზიტო თანხა.
6.7. გამყიდველი სადეპოზიტო თანხას გამოიყენებს მყიდველის მიერ CPS-ტართან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. გამყიდველი თავად განსაზღვრავს დეპოზიტის ოდენობას, რასაც ცალკე აცნობებს მყიდველს და აღნიშნულს სავალდებულო ხასიათი აქვს. მყიდველი ვალდებულია სადეპოზიტო თანხა EPS-ტარის მიღებისთანავე ჩარიცხოს გამყიდველის საბანკო ანგარიშზე, რომელიც მას დაუბრუნდება იმ შემთხვევაში თუ CPS-ტარს დააბრუნებს სუფთა, ცარიელ და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.
7.1. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული დებულებები ეხება იმ შემთხვევას, როცა გამყიდველი მყიდველს საქონელს აწვდის CPS-ტარისგან განსხვავებული სახის ტარით ან/და შეფუთვით.
7.2. მყიდველი ვალდებულია შეძენილი საქონლის ტარი ან/და შესაფუთი მასალა ან/და ტვირთმზიდები, რომლისთვისაც მას სადეპოზიტო თანხა აქვს ჩარიცხული, დაუბრუნოს გამყიდველს იმ ფასად, რომელიც დაბრუნების მომენტში იქნება მისაღები. ამას შეიძლება დაემატოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შეფუთვის ფიქსირებული ღირებულება. მყიდველი ვალდებულია ტარი და ტვირთმზიდები დააბრუნოს სუფთა, ცარიელ და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, რომელიც ვარგისი იქნება ხელახლა აგრარული მიზნით გამოყენებისთვის.
7.3. ამა თუ იმ სახის ტარის, შესაფუთი მასალის ან ტვირთმზიდის ნაკლებობისას გამყიდველს უფლება აქვს მყიდველს საქონელი სხვა სახის ტარით ან შეფუთვით შესთავაზოს. ასეთ შემთხვევაში გამყიდველი უფლებამოსილია ღირებულება შესაბამისი ოდენობით გაზარდოს ან შეამციროს და აღნიშნული მიუთითოს ინვოისში (ფაქტურაში).
7.4. როდესაც ტარი, შესაფუთი მასალა ან ტვირთმზიდები გამყიდველის სატრანსპორტო საშუალებით ბრუნდება, მყიდველი ვალდებულია ისინი სათანადოდ მოამზადოს ტრანსპორტირებისთვის.
7.5. გამყიდველმა შეიძლება დაიბრუნოს ტარი და ტვირთმზიდები, რომელიც არ იყო გამოყენებული მისი საქონელის მიწოდებისას, თუ ისინი შესაფერისია მისი საქონელის ტრანსპორტირებისთვის.
8.1. მყიდველი ვალდებულია მიწოდებისთანავე შეამოწმოს საქონელი, ტარი და შეფუთვა. აღნიშნული შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნასყიდობის საგნის ან შეფუთვის ნებისმიერი ნაკლოვანება და ზიანი მყიდველის მიერ აღინიშნება მიღება-ჩაბარების აქტში, თუ გამყიდველის მიერ სხვა პროცედურა არ იქნა შეთანხმებული ან მითითებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მყიდველს არ აქვს უფლება გამოთქვას პრეტენზია ზარალის ან საქონელის დეფიციტით მიყენებული შეფერხების გამო.
8.2. თუ მყიდველი აღმოაჩენს დეფექტს, რომლის გამოვლენაც შეუძლებელი იყო საქონელის შემოწმებისთანავე 8.1. პუნქტში აღწერილი წესის თანახმად, ის ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს გამყიდველს. მიუხედავად ამისა, გამყიდველი ნებისმიერი დეფექტის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში იმ დროიდან, როცა საქონელი მყიდველს ჩაბარდება ან ჩაითვლება რომ ჩაბარდა. დეფექტის შესახებ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს მყიდველის მიერ გამყიდველისთვის ცნობილი კორპორატიული ელექტრონული მისამართიდან (მეილი). მყიდველს ვერ ექნება დეფექტის გამოსწორების პრეტენზია, თუ დროულად წერილობით არ მოახდინა გამყიდველის ინფორმირება. დროული წერილობითი შეტყობინების გარეშე, მყიდველს უფლება არა აქვს მოითხოვოს დეფექტით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
8.3. თუ მყიდველი 8.2 პუნქტში დადგენილი წესით მოახდენს გამყიდველის ინფორმირებას საქონელის დეფექტის შესახებ, რომელიც მას თავად აქვს წამოღებული ამა თუ იმ ობიექტიდან, ის ვალდებულია აღნიშნული საქონელი უკან გაუგზავნოს გამყიდველს არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც საქონელს ჩაიბარებს მყიდველი ან ჩაითვლება რომ ჩაიბარა. ასეთ შემთხვევაში საქონელის დაბრუნების ხარჯს იხდის მყიდველი. თუ მყიდველი 8.2 პუნქტში მითითებული წესით მოახდენს გამყიდველის ინფორმირებას საქონელის დეფექტის შესახებ, რომელიც მას გამყიდველმა მიაწოდა, დასაბრუნებელი საქონელის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი იქნება გამყიდველი, ხოლო მყიდველი ვალდებულია ხელი შეუწყოს ამ პროცესს. თუ საქონელი მყიდველის მიერ მიჩნეული შეცდომით იქნა დაბრუნებული, ტრანსპორტირების ხარჯზე პასუხისმგებელია მყიდველი და გამყიდველს უფლება აქვს აღნიშნული ხარჯის გადახდა დააკისროს მყიდველს.
8.4. თუ საქონელი მყიდველის მიერ მიჩნეული შეცდომით იქნა დაბრუნებული, მყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნულთან დაკავშირებულ ყველა ისეთ ხარჯზე, როგორიცაა (განმეორებითი) შემოწმების ხარჯი, ხარისხის კონტროლის მოსაკრებელი, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ხარჯი და ა.შ.
8.5. გამყიდველთან კონსულტაციის გავლის გარეშე, მყიდველს უფლება არ აქვს უარი თქვას საქონელის მიღებაზე. თუ კონსულტაცია არ შედგა, ჩაითვლება რომ მყიდველის მიერ საქონელი ჩაბარებულია. მყიდველის მიერ საქონელის ჩაბარებისთანავე ან მას შემდეგ რაც ჩაითვალა რომ ჩაიბარა, საქონელზე მთლიანად პასუხისმგებელი ხდება მყიდველი.
8.6. მიწოდებულ საქონელზე გამყიდველის საკუთრების უფლება ვრცელდება მანამ, სანამ მყიდველი სრულად არ შეასრულებს და დააკმაყოფილებს გამყიდველთან მიმდინარე და სამომავლო სავაჭრო ურთიერთობიდან წარმოშობილ ყველა ვალდებულებას. საქონელზე საკუთრების უფლების წესები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9.1. მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საქონლის საფასური სასაქონლო ზედნადების გამოწერის თარიღიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, თუ ანგარიშსწორებისთვის სხვა ვადა არ იქნა მხარეთა შორის შეთანხმებული.
9.2. მყიდველის საჩივარი ან პრეტენზია გავლენას არ ახდენს ანგარიშსწორების 9.1. პუნქტში მითითებულ ვადაზე.
9.3. ანგარიშსწორებისთვის მყიდველი მიმართავს სასაქონლო ზედნადებში მითითებულ გამყიდველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, თუ მხარეებს შორის სხვა რამ არ იქნა შეთანხმებული.
9.4. მყიდველი ვალდებულია სასაქონლო ზედნადებში აღმოჩენილი უზუსტობა მისი გამოწერის თარიღიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს გამყიდველს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@freshculinair.com
9.5. ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს და საკომისიოს იხდის მყიდველი.
9.6. თუ მითითებულ ვადაში მყიდველი არ მოახდენს ანგარიშსწორებას, გადასახდელი ვალდებულება ავტომატურად გადადის ვადაგადაცილებულ მდგომარეობაში, რისთვისაც საჭირო არაა ცალკე ვადაგადაცილების შესახებ შეტყობინების მყიდველისთვის გაგზავნა. ასეთ შემთხვევაში მყიდველს დაერიცხება ჯარიმა ყოველდღიურად გადაუხდელი ძირი თანხის 1%-ის (ერთი პროცენტის) ოდენობით. თუ გამყიდველი დავალიანების თანხის ამოღებას განახორციელებს სასამართლო და სააღსრულებო ორგანოების მეშვეობით, მყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს ყველა სასამართლო და აღსრულებისთვის გაწეული ხარჯი სრულად.
9.7. მყიდველის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ანგარიშსწორებისას პირველ რიგში დაიფარება დარიცხული ჯარიმები და თანმდევი ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მხოლოდ ამის შემდეგ – ძირი თანხა.
9.8. მყიდველს უფლება არ აქვს, რომ გამყიდველის წინაშე არსებული დავალიანება გაქვითოს გამყიდველის მიერ მის წინაშე არსებულ დავალიანებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გარდა ამისა თუ მყიდველს გამყიდველთან პრეტენზია აქვს 8.1. და 8.2 პუნქტების საფუძველზე, მყიდველი უფლებამოსილი არ არის უგულებელყოს გამყიდველის პრეტენზიები მის მიმართ.
9.9. გამყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მყიდველს საავანსო თანხის გადახდა, იმის მიხედვით, თუ რამდენად ჯეროვნად ასრულებს ეს უკანასკნელი წინა გარიგებებით ნაკისრ ვალდებულებებს, თუ ამას მოითხოვს მყიდველის დამოკიდებულება გამყიდველის მიმართ არსებული დავალიანების მიმართ ან მასთან გაფორმებული გარიგებების მოცულობა. საავანსო თანხის აუცილებლობას გამყიდველი გადაწყვეტს საკუთარი შეხედულებით.
9.10. გამყიდველს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მყიდველს უზრუნველყოფა უძრავ-მოძრავი ქონების სახით მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მიუხედავად იმისა თუ როდის უწევს მას დავალიანების დაფარვა. მყიდველი ვალდებულია ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარმოადგინოს მოთხოვნილი უზრუნველყოფა.
9.11. მყიდველის მიერ გადახდის ვალდებულება ჩაითვლება ვადაგადაცილებად, თუ:
ა) მყიდველმა დროულად არ განახორციელა (საავანსო) ანგარიშსწორება ან არ წარმოადგინა საკმარისი უზრუნველყოფა;
ბ) სრულად ან ნაწილობრივ დაარღვია ნასყიდობის შეთანხმება.
9.12. თუ მყიდველი ვადაგადაცილებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, გამყიდველს უფლება აქვს შეაჩეროს მის მიმართ თავისი ვალდებულებების შესრულება. ასეთ დროს მყიდველს ეკისრება ვალდებულება დაუყოვნებლივ შეასრულოს გამყიდველთან არსებული სხვა ვალდებულებები და დაფაროს ყველა სხვა დავალიანება, რომელთა შესრულება და დაფარვაც სამომავლოდ იყო დაგეგმილი.
10.1. მყიდველი პასუხს აგებს ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც მან, მისმა პერსონალმა ან წარმომადგენლებმა შეიძლება მიაყენონ გამყიდველის ობიექტებზე მყოფ პირებს ან მდებარე საგნებს, მიუხედავად იმისა, შეიძლებოდა თუ არა აღნიშნული ზიანის წინასწარ განჭვრეტა.
10.2. გამყიდველი, მისი პერსონალი ან წარმომადგენლები პასუხს არ აგებენ მყიდველის, მისი პერსონალისა და წარმომადგენლების წინაშე ნებისმიერი სახის ზიანზე, მათ შორის (თუმცა არამარტო) სხეულის, ქონების ან მოსავლის ზიანზე, დაუძლეველი ძალით გამოწვეულ ზარალზე, საქონლის გაყიდვით, არგაყიდვით ან განადგურებით გამოწვეულ ზარალზე, ტრანსპორტირების, ჩატვირთვა-გადატვირთვის ან შეფუთვისას წარმოქმნილ ზიანზე და ა.შ., მიუხედავად იმისა, თუ რას ეფუძნება მყიდველის პრეტენზია – გამყიდველის ვალდებულების შეუსრულებლობას, უკანონო ქმედებას, გამყიდველის უსაფუძვლო გამდიდრებას თუ სხვა მიზეზს.
10.3. მყიდველი ვალდებულია გამყიდველს, მის პერსონალსა თუ წარმომადგენლებს აუნაზღაუროს ზიანი მესამე პირების მიერ წამოჭრილი ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში, რომელიც ეხება გამყიდველის ან მყიდველის მიერ საქონლის მიწოდებას ან რეალიზებას. მათ შორის მოიაზრება პრეტენზიები ინტელექტუალური საკუთრების (მაგალითად: მწარმოებელი კომპანიის) უფლების დარღვევა ან მიწოდებული საქონლის ნებისმიერი დეფექტი.
10.4. გამყიდველი მყიდველის ან მესამე პირების წინაშე პასუხს არ აგებს საქონელთან (საქონლით ვაჭრობასთან) დაკავშირებულ ზიანზე ან ამა თუ იმ სახის საცალო შეფუთვის დეფიციტზე, თუ ეს არაა გამოწვეული გამყიდველის განზრახ უმოქმედობით ან უხეში დაუდევრობით. მყიდველი ვალდებულია გაითვალისწინოს აღნიშნული დებულება მესამე პირებთან ურთიერთობისას და მათ წინაშე თავად აგოს პასუხი ნებისმიერი სახის ზიანზე ან ამგვარი ზიანის გამომწვევ ზემოთ აღნიშნულ მიზეზებზე.
11.1. მყიდველსაც და გამყიდველსაც უფლება აქვთ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მათ შორის არსებული ერთი ან მეტი შეთანხმება, თუ:
ა) მეორე მხარემ წარმოადგინა არასწორი ან არასრული ინფორმაცია პირადი სარგებლის მიღების მიზნით;
ბ) მეორე მხარე გაკოტრდა, ლიკვიდაციის პროცესშია, მინიჭებული ან მოთხოვნილი აქვს ვალის რესტრუქტურიზაცია;
გ) მეორე მხარეს გადაწყვეტილი აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ან სხვა პირს გადააბაროს საქმიანობა (გარდა იურიდიული შერწყმის ან გაყოფის პროცედურისა).
11.2. ზემოთ ხსენებული მიზეზებით შეთანხმების შეწყვეტისას მეორე მხარეს, რომელსაც შეთანხმების შეწყვეტის უწყება ეგზავნება, უფლება არ აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიყენებული ზიანის პროპორციულად.
12.1. გამყიდველის წერილობითი ნებართვის გარეშე მყიდველს უფლება არ აქვს გამყიდველთან დადებული შეთანხმების საფუძველზე მინიჭებული უფლებები და ვალდებულებები მთლიანად ან ნაწილობრივ გადააბაროს მესამე პირს.
12.2. ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, მათ შორის ისეთ დავას, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ მოგვარებას, განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლო.
12.3. წინამდებარე ნასყიდობის წესები და პირობები, ასევე მხარეთა შორის დადებული სხვა ნებისმიერი შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
ბათილია საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის შესახებ გაერთიანებული ერების კონვენცია (1980 წ., CISG) და მოძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ არსებული ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულება თუ კონვენცია იმ დონეზე, რამდენადაც ეს დასაშვები იქნება აღნიშნული ხელშეკრულებებისა ან კონვენციების ძალით.